logo
ENG



"დროშასაც ვაფრიალებ" - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ქალმა რუსების გაბმული მავთულხლართი დაჭრა

27 ოქტ 202312:39
3 წუთის საკითხავი
clock 972

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოქალაქე ლუდა სალიამ რუსი ოკუპანტების მიერ გაბმული მავთულხლართი დაჭრა.

"აი, ასე ვჭრი მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზთან. ვის გაღიზიანებთ? და დროშასაც ვაფრიალებ იქვე. რამდენიც არ უნდა გააბათ, ყოველთვის დავჭრი, ოკუპანტებო! ეს ჩვენი სოფელია, ჩვენი შარაგზა და არ გაქვთ უფლება სოფელი რომ შუაში გაგვიყავით და მავთულხლართი გააბით", - დაწერა მან სოციალურ ქსელში და ვიდეო გაავრცელა.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოქალაქემ ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის გუშინდელ განცხადებას სოფელ კირბალში, წმინდა ლომისის ტაძრის კარის აჭედვასთან დაკავშირებით. ჯაღმაიძემ გუშინ ამის "მიზეზზე" ისაუბრა და თქვა, რომ რაღაც პერიოდის წინ იქ შესაძლებელი იყო გადასვლა, თუმცა, "ვიღაცამ ააფრიალა იქ ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი, რომ რუს სამხედროებს მკაცრი ზომები მიეღოთ".

ფორმულასთან საუბრისას ლუდა სალია ამბობს, რომ ანდრია ჯაღმაიძის გუშინდელმა განცხადებამ "საშინლად გააღიზიანა". მისივე თქმით, "ასეთი პათოსი და მიდგომა დამღუპველია საქართველოსთვის და უსიტყვო კაპიტულაციას ნიშნავს".

"მავთულხლართებს მე ხშირად ვჭრი, ეს არ იყო პირველი მავთულხლართის გადაჭრა, მაგრამ ანდრია ჯაღმაიძის ნათქვამმა გამაღიზიანა საშინლად, რომ რუსს თურმე აღიზიანებს დროშა, რომელიც ტაძრებთან ახლოს არის აღმართული. [...] ნაცვლად იმისა, რომ ლაპარაკობენ დროშები ჩამოვხსნათ და რუსი არ გავაღიზიანოთ, იქნებ სჯობდეს, საპატრიარქო რუსეთის საპატრიარქოს დაელაპარაკოს, რომ წართმეული ტაძრები დაგვიბრუნონ. ასეთი პათოსი და მიდგომა, რუსი გაღიზიანდება და რატომ დაკიდეთ დროშაო, ეს არის დამღუპველი საქართველოსთვის, ეს უსიტყვო კაპიტულაციას ნიშნავს", - აცხადებს ლუდა სალია.

28 აგვისტოს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს.

მომხდართან დაკავშირებით ფორმულას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ისინი კომენტარს არ აკეთებენ. 

სოფელი კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზს ესაზღვრება. წმინდა ლომისის ეკლესია, სოფლის მიმდებარე ტყე და საძოვრები რუსების მიერაა ოკუპირებული. მახლობელი სოფლების მოსახლეობას გასულ წლებში სალოცავში მისვლას უშლიდნენ - 2018 წელს რადიო თავისუფლება წერდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი
ეკლესიაში სალოცავად გადასულ პირებს "საზღვრის" დარღვევის ბრალდებით დაკავებით ემუქრებოდა.


close დახურვა